შიგთავსზე გადასვლა

ცნობარ „საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი“- ს წარსული და დღევანდელობა

ივლისი 11, 2017

2001 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის განყოფილებაში (ხელმ. თემურ ჩხენკელი) განხორციელდა პროექტი “ქართველი ავტორები ინტერნეტში”, (http://www.nplg.gov.ge/authors) რომელიც დააფინანსა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურული ურთიერთობის ბიურომ (ECA), ხოლო მისი ადმინისტრირება განხორციელდა საერთაშორისო კვლევისა და გაცვლის საბჭოს (IREX) მიერ.

ტექნოლოგიური გარემო ბიბლიოთეკაში შეიქმნა განყოფილების წამყვანი სპეციალისტის გიორგი ბახიას ავტორობით. “ქართველი ავტორები ინტერნეტში” მოიცავდა საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ქართველი ავტორების, მწერლების, პოეტების, ბიოგრაფიულ მონაცემებს, ასევე მათი ავტორობით გამოსული წიგნების ანბანურ სიას საძიებლით. პროექტის ძირითადი მიზანი იყო შექმნილიყო საფუძველი, მონაცემთა ბაზა ქართველი ავტორების, საქართველოს გამომცემლობების ავტორიტეტული ფაილის შესაქმნელად. ავტორიტეტული კონტროლი საჭიროა დახარისხებისთვის – რომ ერთად დალაგდეს ყველა მონაცემი მსგავსი სახელისა და გვარის ადამიანზე, ორგანიზაციაზე, ნაშრომზე.

პროექტის „ქართველი ავტორები ინტერნეტში“ განხორციელებაზე, მონაცემთა შეგროვებასა და შევსებაზე მუშაობდა ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლისა და ბიზნეს ინფორმაციის განყოფილება (ხელმ. რუსუდან დანელია). ცნობარი, რომელშიც შედიოდა როგორც თანამედროვე ისე კლასიკოსი ავტორები ინტერნეტ მომხმარებლებს შორის საკმაოდ დიდი ინტერესით სარგებლობდა.

ინტერნეტის განვითარებამ, ქართული შრიფტის კოდირების შეცვლამ, აუცილებელი გახადა ინტერნეტ ცნობარის განახლება. საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა დააყენა საკითხი ცნობარის განახლებასთან დაკავშირებით.

2012 წელს ცნობარი ტექნოლოგიურად დახვეწა, ძრავი და სამომხმარებლო ინტერფეისი მთლიანად გამოიცვალა. ძველი ბაზიდან ახალ ბაზაში გადავიდა 500-მდე ავტორის ბიოგრაფიული მონაცემი. მონაცემთა ბაზის განახლების პროგრამული ნაწილი და სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინი შესრულდა ბიბლიოთეკის თანამშრომლის დავით მჭედლიშვილის ავტორობით. დღეს, „ქართველი ავტორები“ შეგიძლიათ იხილოთ Facebook-ის გვერდის საშუალებით https://www.facebook.com/geoauthors.

2015 წელს, საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტთან ერთად გადაწყდა: ინტერნეტ ცნობარს „ქართველი ავტორები ინტერნეტში“ შეეცვალოს სახელი და ეწოდოს “საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი” (http://www.nplg.gov.ge/bios). ქართველი ავტორების ბიოგრაფიები გადავიდა განახლებულ მონაცემთა ბაზაში. ცნობარს სახელის გარდა შეეცვალა შინაარსიც, რამაც გამოიწვია მონაცემთა ბაზის რიცხობრივი ზრდა. ამჟამად, საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა, ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან, დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ეს უნიკალური ცნობარი, სხვადასხვა დარგში მომუშავე პიროვნებების ბიოგრაფიული მონაცემების გარდა (9 ათასამდე ბიოგრაფია) იხილავთ პიროვნებათა ფოტოებს, ჯილდოების, პრემიების და პრიზების ჩამონათვალს, რომლებიც თავისი საქმიანობის ან მოღვაწეობის პერიოდში აქვს მიღებული. თუ პიროვნებას აქვს გამოქვეყნებული წიგნი ან სხვა გამოცემა, ამ გამოცემების ბიბლიოგრაფიულ სიებსაც გაეცნობით.

ინტერნეტ ცნობარში ნებისმიერს შეუძლია ჩაასწოროს ან დაამატოს პიროვნების ბიოგრაფიის ესკიზი საიტზე არსებული სპეციალური შაბლონური ფორმის საშუალებით (ბმული: ბიოგრაფიის შემოთავაზება). დამატებული ბიოგრაფიის ესკიზი გაივლის შემოწმებას ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილებაში (ხელმ: რ. დანელია) და მხოლოდ ამის შემდეგ გამოქვეყნდება.

„საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონ“-ზე მომუშავე გუნდი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. თუ ოჯახში გაქვთ თქვენი წინაპრის ბიოგრაფიული ხასიათის მასალები, დაგვიკავშირდით Facebook-ის გვერდის საშუალებით https://www.facebook.com/biosge ან მიაკითხეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტს.

კომენტარის დატოვება

დატოვე კომენტარი